News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცოდნა სასმელი წყლის ხარისხის და რესურსების შესახებ

21 თებერვალი, 2023 წელი. თბილისი. 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო  ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის   მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული ინიციატივის შედეგად.   პროექტი სახელწოდებით - „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცნობიერების ამაღლება“ 2022 წლის აგვისტო--ნოემბერში განხორციელდა. 

პროექტი განხორციელდა ქ. ბათუმში, ქ ქუთაისში, ასპინძის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს,  ყაზბეგის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, გაიმართება საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა  და  ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებში,  მონაწილეობა მიიღო 8 სხვადასხვა თვითმმართველობის  400-ზე მეტმა  მოსწავლემ   30 სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 75 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება.